ბოკერიას სახელობის კლინიკაში 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.
როგორც ფორმულას კლინიკაში უთხრეს, 30 ივლისს ის საავადმყოფოში ინფიცირებული შეიყვანეს, 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა კოვიდის გართულებების გამო დამძიმდა.
მათივე თქმით, ჩვილი ინფიცირებული არ არის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოა ფეხმძიმეებისთვის.
27 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 73 ადამიანი.