კალიფორნიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მხარი დაუჭირა სერჰან სერჰანის გათავისუფლებას, რომელმაც 1968 წელს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, რობერ კენედი მოკლა. კომისიის გადაწყვეტილებით, სერჰანი საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა უნდა მიღოს.
სერჰანმა კენედის ლოს-ანჯელესში სასტუმრო ამბასადორში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ესროლა. ციხეში მან 53 წელი გაატარა. თავდაპირველად თავდამსხმელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელის ზომა თავისუფლების უვადოდ აღკვეთით შეცვალეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში სერჰანი 24 წლის იყო.
"ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ის იმპულსური ახალგაზრდა, რომელიც ვიყავი, აღარ არსებობს. მაშინ სენატორი კენედი მთელი მსოფლიოს იმედი იყო. მაშინ ყველა დავაზარალე - ამ საშინელი საქციელის გაცნობიერება ტკივილს მაყენებს", - ციტირებს Associated Press სერჰანის კომისიისადმი მიმართვას.
ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურატურაში განაცხადეს, რომ კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ.
77 წლის სერჰან სერჰანმა შეწყალების თხოვნით კომისიას 16-ჯერ მიმართა. დაკავების შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ თავს დაესხა რობერ კენედის, რადგან ის ისრაელისთვის დახმარების გამოყოფას ემხრობოდა. შემდგომში ის ამტკიცებდა, რომ თავდასხმაზე არაფერი ახსოვს.
კომისიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რობერტ კენედის ორმა შვილმა კომისიას მსჯავრდადებულის შეწყალების თხოვნით მიმართა.
"ნამდვილად მჯერა, რომ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც აღარ წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი თავისთვისა და მსოფლიოსთვის, უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა დუგლას კენედიმ.