logo
ENG



UNICEF-ის წარმომადგენელი: როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა დაიკეტოს სკოლები?

31 აგვ 202111:34
3 წუთის საკითხავი
clock 1073
UNICEF-ის წარმომადგენელი: როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა დაიკეტოს სკოლები?

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ამბობს, რომ სკოლებში სწავლების პირისპირ დაწყება მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მისივე თქმით, დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არამხოლოდ აკადემიურ რეგრესს განიცდიან, არამედ ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე. ხალილის თქმით, დამტკიცებულია ისიც, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების მთავარ კერას.

"არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიც მაგალითად მასწავლებლებია, სავალდებულო მოთხოვნა სხვა სექტორებისთვის? მაშინ რატომ ვითხოვთ ამას სკოლებისგან? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი? და გვიფიქრია ათასობით მოსწავლის შესახებ, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე? როგორ მიიღებენ ასეთი ბავშვები განათლებას? ისინი მას ვერ მიიღებენ და ეს უზარმაზარ პრობლემას შეუქმნის ათასობით ბავშვს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ონლაინსწავლებაზე", - ამბობს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

სწავლის განახლებამდე ორი კვირა რჩება. ეპიდვითარების გაუარესების ფონზე ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, განახლდება თუ არა პირისპირ სწავლა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებულ ვითარებაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.


close დახურვა