logo
ENG



ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

01 სექ 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock 3044
ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. 

პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია. 

"ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება ბოლო დროინდელ მოვლენებთან შედარებით. ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ყველაფერს სახელს არქმევს. ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარო ვალზე შეთხზული ტყუილები. მთავარი პოლიტიკური განაცხადია. და რა არის ქართული ოცნების პოლიტიკური განაცხადი? - არაფრის ფასად არ გვინდა რეფორმები.

სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩვენი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, გადავდგათ ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი!

გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! ისე კი სინამდვილეში ევროკავშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.

დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად დაცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43- პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ". - თქვა ნიკა მელიამ. 

***

ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.  

სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.


close დახურვა