logo
ENG



55 000 გარდაცვლილი, 222 000 გამოჯანმრთელებული - ვითარებაა მსოფლიოში

03 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსს მილიონზე მეტი დაინფიცირებული ჰყავს და ფართოვდება პანდემიის გავრცელების რუკაც. დაღუპულთა რიცხვი რეკორდულად მატულობს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.

მესამე კვირაა მადრიდის ქუჩებში პოლიცია გამვლელ მანქანებს მკაცრად ამოწმებს. ესპანეთი ევროპაში დღეს კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად რჩება. გასული 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 932-ით გაიზარდა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 935-ია. საავადმყოფოების განტვირთვის მიზნით სამხედროები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ინფიცირებულებისთვის საველე საავადმყოფოებს აწყობენ. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა გერმანიაში, სადაც დაღუპულთა რიცხვმა 1000 გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, დაავადების გავრცელება თუ არ შემცირდება, პაციენტებისთვის სასუნთქი აპარატების მარაგიც ამოიწურება. 

გერმანიისგან განსხვავებით დაინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევები არც იტალიაში და არც საფრანგეთშია. თუმცა კლინიკებში ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც დიდია. პარიზიდან პაციენტები ვერტმფრენებით რეგიონულ კლინიკებში გადაჰყავთ. ავსტრიაში პანდემიის სტატისტიკამ დაიწია. ამიტომ ხელისუფლება საკარანტინო ზომების ეტაპობრივად გაუქმების საკითხს განიხილავს. თუმცა კანცლერი მოსახლეობას არსებული წესების დაცვას და აღდგომის დღესასწაულზე ოჯახური შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია. მთელი ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულია 245 500 შემთხვევა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 6 ათსს აჭარბებს. ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში, სადაც დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევებია, მოსახლეობას გარეთ გასვლისას სახის დაფარვას ურჩევენ. ქვეყნის მთავარი ექიმის რეკომენდაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას გამონაკლისი შემთხვევების გარდა გარეთ გასვლა უნდა აეკრძალოს.

მზარდია დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები დიდ ბრიტანეთშიც, სადაც კოვიდ-19-მა უკვე 3605 ადამიანი იმსხვერპლა. ახალი პაციენტების მისაღებად დღეს ლონდონში პრინცმა ჩარლზმა, რომელიც ვირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ტელეხიდით ახალი საავადმყოფო გახსნა.

კოვიდ-19-ის შემთხვევებმა მსოფლიო მასშტაბით უკვე მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვი 55 ათასია, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც დაავადება დაამარცხეს 222 ათასამდე გაიზარდა.

 


close დახურვა