logo
ENG



100, 500, 10 000 და 100 000 ლარი - 13 სექტემბრიდან აცრილებისთვის გათამაშება იწყება

07 სექ 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock 40627
100, 500, 10 000 და 100 000 ლარი - 13 სექტემბრიდან აცრილებისთვის გათამაშება იწყება

"აიცერი და მოიგე" - 13 სექტემბრიდან აცრილებისთვის ყოველდღიური გათამაშება დაიწყება.

შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის

გიორგი ღიბრაძის თქმით, ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია. 

"ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. 

გარდა ამისა, იქნება ყოველკვირეული გათამაშება. ყოველდღე გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე. ყოველკვირეულად 1 000, 5 000 და  10 000 ლარი. 

ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი". - თქვა მან. 

ლატარიის პირობები

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში "აიცერი და მოიგე" მონაწილეობს ყველა აცრილი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. აცფრილი მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას  NDCD-ის ბაზაში  მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება. 

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების  ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება "აიცერი და მოიგეს" ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში.

StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.

მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი  მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი. 

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში  მინიჭებული  საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.   გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე: www.stopcov.lotto.ge-ზე. 

18 წლამდე აცრილი პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.  

ლატარიის გათამაშებები  გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ასევე 12 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 26 დეკემბერს
საქართველოს ეროვნული მაუწყებლის" ეთერში გადაიცემა.


close დახურვა