logo
ENG



პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს 1-ლი მოსმენით მხარი დაუჭირა

07 სექ 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock 1054
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს 1-ლი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, 7-დან 4-მდე მცირდება. 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამ პუნქტის შესრულებაზეც უარი თქვა. 

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და უარი თქვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გენერალური პროკურორის ფართო კონსენსუსით და სამართლიანად არჩევის საკითხიც. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინაიდან მათ დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადეს, არც შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, არ ითვალისწინებენ იმას, რაც მასში წერია. 

შარლ მიშელის შეთანხმება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ფართო კონსენსუსით შერჩევას გულისხმობს.

კერძოდ: დოკუმენტში წერია, რომ "[გენერალური პროკურორის არჩევის] პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს". 

ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით: 

"მომდევნო გენერალური პროკურორები უნდა აირჩიონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რომ მათი დანიშვნისთვის საჭირო უნდა იყოს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად". 

საკონსტიტუციო კანონის პროექტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ასახულია, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მას "სიმახინჯე" უწოდეს.


close დახურვა