სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.
საქსტატი აცხადებს, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.
2021 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35%-ია.
მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი - 65.2 მლნ. აშშ დოლარით (27.8%);
მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46.5 მლნ. აშშ დოლარით (19.9%)
რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნები არიან II კვარტლის უმსხვილესი ინვესტორები - მონაცემები ასე განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9%-ს შეადგენს;
მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2%).
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.3%-ით შემცირდა და 125.4 მილიონი დოლარი შეადგინა.