ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი ქართული ოცნების აქტივისტი იყო.
ზარქუამ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ გავრცელებული ფოტოები, სადაც მურსაკულოვი ქართული ოცნების წევრებთან ერთად იმყოფება, დაახლოებით 2018-2019 წელს, არჩევნების პერიოდშია გადაღებული.
მისივე თქმით, "პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს და დამნაშავე სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს".
"ეს არის 2018 ან 2019 წელი, სადაც ჩვენ მთაწმინდაზე არჩევნები გვქონდა და ერთ-ერთი აქტივისტია, ეტყობა. გვარი და სახელი ვერ გავიხსენე და ფოტოზე მივხვდი მერე. აქ მარტივია ჩვენი პოზიცია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დროს რას წარმოადგენს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, ვინც არ უნდა იყოს.
ახლაც მოვდივარ სამგორიდან, უამრავ ჩვენს აქტივისტთან და მხარდამჭერთან, რომელიც მილიონამდეა, ფოტოები გადავიღეთ, იქ ვიღაცა მკვლელი იქნება, ვიღაცა კეთილშობილი ადამიანია, არ აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც პოტენციური მკვლელი, სანამ არ დაუმტკიცდება, არის ჩვენი გუნდის მხარდამჭერი, ისევე როგორც მისი დამჭერი არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ბატონი გომელაური... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. სულ რომ საკუთარი ახლობელი და ძმაკაცი იყოს, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს", - ამბობს ზარქუა.
დღეს, 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ფორმულამ გაარკვია, რომ დაკავებულია 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
მურსაკულოვი Facebook-ზე უწერია, რომ ქართულ ოცნებაში მუშაობს, გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთადაა გამოსახული. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ზარქუაა, ხოლო მეორე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების შტაბის უფროსი გიორგი ღამბაშიძეა.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.