
თანაბარი უფლებების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ქაბულში ქალებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ჩვენ გვინდა თანაბარი უფლებები, ქალები მთავრობაში" - ამ მოთხოვნით ქალები ქაბულის ქუჩებში გამოვიდნენ.
აქციის წინა დღეს თალიბანმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა, რომელშიც არცერთი ქალი არ იყო. ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ მათ გააუქმეს ქალთა სამინისტრო.
„ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, ამიტომაც გამოვედით. მშვიდობიან მარშს ვაწყობდით, როცა დავინახეთ, რომ 4-5 ავტომობილი მოგვიახლოვდა. თითოეულზე თალიბანის ათამდე მებრძოლი იჯდა.
ჩვენ ყველას გვცემეს. გვითხრეს, რომ სახლებში დავბრუნებულიყავით - მათი თქმით, სწორედ იქაა ჩვენი ადგილი", - იხსენებენ აქციის მონაწილე ქალები BBC-სთან ინტერვიუში.
ქალების თქმით, თალიბანის მებრძოლებმა ისინი მათრახებით სცემეს. ქალები ამბობენ, რომ მებრძოლები ელექტროშოკსაც იყენებდნენ.
ქაბულის აღების შემდეგ თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიცავდნენ ქალთა უფლებებს და არ იქნებოდნენ წინააღმდეგი, რომ ქალებს მიეღოთ განათლება. თუმცა, მათივე მოთხოვნით, სამედიცინო სექტორში დასაქმებული ქალების გარდა, ყველას მოუწია სამსახურის მიტოვება. მიზეზი "უსაფრთხოების ზომები" იყო.
ავღანელი ქალები BBC-სთან ამბობენ, რომ 1990-იან წლებში, ამავე ჯგუფის მმართველობის დროს, ქალთა უფლებები სწორედ "უსაფრთხოებიდან" გამომდინარე მიზეზებით შეიზღუდა. ისინი შიშობენ, რომ ახლაც იგივე მოხდება.