ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სუს-ი ინტენსიურად აგროვებს ინფორმაციას სასულიერო პირების, ბერ-მონაზვნებისა და მათთან კავშირში მყოფი სამოქალაქო პირების პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე.
ასევე, გავრცელდა ფაილი, სადაც კონკრეტულ სასულირო და სამოქალაქო პირებს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ და აღწერენ მათ კავშირებს.
ფაილების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
კონკრეტული ფაილი, სადაც ეს დეტალებია აღწერილი, შემდეგნაირადაა დასათაურებული - "მრუშები". მასში 80-მდე კონკრეტულ პირზეა ინფორმაცია.
ფორმულა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ფაილებში მოყვანილ ინფორმაციის დიდ ნაწილს არ ასაჯაროებს. თუმცა, ამ კონკრეტულ ფაილში, პერსონალურ მონაცემებთან და მღვდლებისა და მონაზვნების ინტიმურ კავშირებთან ერთად, საუბარია პედოფილიის ფაქტებზეც, ასევე ინცესტის შემთხვევაზე.
მასალაში საუბარია ერთერთ მაღალიერარქზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ "შემჩნეულია პედოფილიაში", "გარყვნილი შინაარსის სატელეფონო მიმოწერის გახმაურების გამო შეექმნა პრობლემები", "შეინიშნებოდა ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი არასრულწლოვანთან". ამ სასულიერო პირის მიმართ მსგავსი შინაარსის ბრალდებები წარსულში მედიაშიც არაერთხელ გაშუქებულა.
გარდა ამისა, სუს-ის ფაილში საუბარია ერთერთი მართლმადიდებლური სკოლის თანამშრომელ მღვდელზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ შემჩნეულია არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში. კერძოდ, "ეპარქიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა". ფაილში დასახელებულია ბავშვების ვინაობა და პერსონალური მონაცემებიც.
გარდა ამისა, მაგალითად, აღწერილია, როგორ ცდილობს ესა თუ ის სასულირო პირი ინტიმური კავშირი დაამყაროს მონაზონთან, თუმცა "იღუმენია თავს იკავებს". ასევე, საუბარია იმაზეც, როგორ "გააკეთებინა აბორტი" მღვდელმა სამოქალაქო პირს, რასაც სუსი ასე წერს: "ირიბად სჩანს, რომ მისგან ორსულად იყო".