logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტი: ზუსტადაა გაშიფრული ის დიალოგი, რაც შედგა ჩემსა და მამა გიორგის შორის

13 სექ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/13/vpvz4e5ozi487fa.png

ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებში ჟურნალისტების და სასულიერო პირების საუბრებიც მოხვდა.

ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

"მე შემიძლია დავადასტურო ამ ნაწილის ავთენტურობა იმიტომ, რომ შედგა ჩემსა და გიორგი ზვიადაძეს შორის ეს სატელეფონო საუბარი. ეს ხდებოდა ამ წლის თებერვალში, სინოდის სხდომამდე ალბათ რამდენიმე დღით ადრე. ჩვენს ეთერში გასულია ზუსტად ამ შინაარსის სატელეფონო ჩანაწერი და ზუსტად, ერთი ერთში აქვთ გაშიფრული ის დიალოგი, რაც შედგა ჩემსა და მამა გიორგი ზვიადაძეს შორის. 

ფაქტია, რომ უსმენენ ყველას, მათ შორის როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ჟურნალისტებს და ეს ტოვებს განცდას, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ და ვისაც არ უნდა ვესაუბროთ ჩვენს სატელეფონო საუბრებზე სუს-ს ყური აქვს მოდებული", - ამბობს ვარძელაშვილი.

"პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა ნინო  ვარძელაშვილმა აცნობა, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვით წმ. სინოდის სხდომაზე იგეგმება მისი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას და ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის ეპისკოპოსებად გამორჩევა. გ.ზვიადაძემ უარყო მისი გამორჩევის საკითხის დაყენება და განმარტა,რომ წლების უკან პირისპირ ესაუბრა პატრიარქს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო უარი უთხრა ეპისკოპოსად კურთხევაზე, ხოლო ს.ჭედიას და ნ.გეწაძის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტს ურჩია, რომ დაელოდოს კრების ოქმს", - წერია ფაილში.

ფაილებში ასევე მოხვდნენ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც, ერთ-ერთი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 


close დახურვა