ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე ადასტურებს, რომ გავრცელებულ მიყურადების მასალებში მისი სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული, ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.
ის ამბობს, რომ აღწერილი საუბრები ძირითადად სატელეფონოა და არ არის დარწმუნებული, რომ მისი სოციალური ქსელები გატეხეს.
ლევან სუთიძე facebook-ზე წერს, რომ გავრცელებული ჩანაწერებიდან უფრო მეტად იმის გაგებაა შესაძლებელი რა დღეშია სახელმწიფო და სუს-ი, ვიდრე იმის, რა ხდება ეკლესიაში.
"მეც შემიძლია დავადასტურო, რომ ფაილების ნაწილში რამდენჯერმე ჩემი სახელი ისერჩება და, მათ შორის, აღწერილია საუბარი ჩემს ერთ-ერთ ახლობელთან, საქართველოს ეკლესიაში. სახელსა და გვარს მაინც არ დავწერ, მაგრამ არაფერი ისეთი - ღია ხაზზე ვსაუბრობდით.
ეს საუბრები მართლაც შედგა - პრობლემა ის არის, რომ აზრი მაინც ვერ გამოიტანეს რას ვამბობდით და ბრიფი შედგენილია მეოთხეკლასელის ტვინით. დიახ, ბრიფია შედგენილი, რომ იმან მე რაღაც პოსტზე რაღაც მითხრა და მე რაღაც ვუთხარი.
ამას გარდა, სავარაუდოდ არის ცნობა ერთ სასულიერო პირზე, რომელიც მათი აზრით ცნობებს მაწვდის "სოციალური ქსელის მეშვეობით" - აქაც, ტელეფონზეც განგვიხილია ეს და დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩეტი გატეხეს.
უნდა ვაღიარო, რომ ათობით სასულიერო პირთან ვცვლი კომუნიკაციას.
ამას გარდა, ერთ-ერთ აღწერილობაში ისერჩება, რომ ვიღაც მორჩილს ჰქონდა ჩემთან "ინტიმური ურთიერთობა" - არ ვიცი აქ სექსი იგულისხმება თუ არა, თუ კი, სრული ბულშითია. თუ არა, პირადი და ახლო ურთიერთობა რა თქმა უნდა მქონდეს, საერთო წრე გვყავს და ეს მაეჭვებს - ამის იდენტიფიცირება მობილურით მოხდა თუ ჭორების საფუძველზე. ბევრი ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ეკლესიის გაშუქების ჩემი 11 წლიანი გამოცდილებით, არის სრული მონაჩმახი.
მოკლედ, პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ აქედან უფრო მეტად იმის გაგებაა შესაძლებელი რა დღეშია სახელმწიფო და სუს-ი, ვიდრე იმის, რა ხდება ეკლესიაში.
ტოტალიტარული კლიმატია ქვეყანაში, მაგრამ საბოლოოდ სისტემა დგას ოროსნებზე, რომელთაც აზრის გამოტანა არ შეუძლიათ", - წერს სუთიძე.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.