მეუფე პეტრე (ცაავა) ამბობს, რომ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ჩანაწერების მომზადება არჩევნებს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ "რეპრესიული მანქანა აამუშავა". ამაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
"წინასაარჩევნოდ, გაოგნებული ვიყავი რამდენიმე სასულიერო პირის პოზიციით. ვფიქრობდი, რა დონეზე ჰყავს ხელისუფლებას ალბათ მძევლად, რომ ამას აკადრებინებს, რა დონეზე არიან მძევლად, რომ დუმან ამ უსამართლობის გამო რაც საქართველოში ხდება", - თქვა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ნდობა აქვს დაკარგული და ახლა მისი ერთადერთი დასაყრდენი ეკლესიაა.
"როდესაც ხელისუფლება გაკოტრდა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ და აბსოლუტური ნდობა დაკარგა, რეპრესიული მანქანა უფრო მეტად ამუშავდა, მათ მოინდომეს თავის უფრო მეტად გადაზღვევა.
შეიძლება იყო მოთხოვნა, რომ პირადად პატრიარქი გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ღიად დაეჭირა მხარი ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება და კრემლი ხედავს, რომ ხალხს არ აქვს ნდობა და დაკარგულია მათი დასაყრდენი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ეკლესია, თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული", - თქვა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცის, რა ხდება რეალურად ეკლესიაში, თუმცა არ ამჟღავნებს, რადგან მათ ეკლესია არჩევნების დროს სჭირდებათ.
"ჩემთან აღსარების დონეზე, მათ შორის სპეცსამსახურის თანამშრომლებს უთქვამთ, რომ გულის არევამდე მივსულვარ, როცა ჩანაწერი მომისმენია, სასულიერო პირზე უთქვამთ ან პირადად მინახავსო. გულის ამრევია სასულიერო პირების, მაღალი იერარქიის ქმედებები, ეს უნდა გაიგოს ქართველმა ერმა...
საშინელებაა სასულიერო პირებში - ნარკომანია, მრუშობა, პედოფილია, მამათმავლობა და ა.შ. ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ითმენენ კომუნისტური აზროვნების გამო იმიტომ, რომ მათ ეკლესია სჭირდებათ არჩევნების დროს", - ამბობს მეუფე პეტრე.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.