logo
ENG



ღარიბაშვილი სუს-ის ფაილების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ "ბინძურ პროვოკაციას" უწოდებს

14 სექ 202112:06
3 წუთის საკითხავი
clock 15848

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ "ბინძურ პროვოკაციას" უწოდებს.

ის ხელს კვლავ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს. გავრცელებული ჩანაწერები 2014-2021 წლებით თარიღდება.

"ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი, ჩვენი სარწმუნებობის და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვლდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 


close დახურვა