გიორგი გახარიას მტკიცებით, პრემიერმინისტრობის და შს მინისტრობის დროს მან არ იცოდა, რომ ქვეყანაში მოსმენები ამ მასშტაბით მიმდინარეობდა.
ფორმულას ეთერში, გიორგი თარგამაძის კითხვის პასუხად, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ ადამიანებს ამ მასშტაბით უსმენდნენ, გახარია პასუხობს:
"არა, არ მქონია".
მისივე თქმით, მოსმენების შესახებ საქმის კურსში მას არც სუს-ს უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აყენებდა.
"მე, როგორც პრემიერმინისტრის, უსაფრთხოების სამსახურიდან ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდიოდა გარკვეული ბრიფები.
მაგრამ ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა, რა თქმა უნდა".
გახარიას განცხადებით, პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს სუს-ის გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, ამასთან, გამოძიებულ იქნას, როგორ მოხდა ამ მასალების გამჟღავნება.
"პირველ რიგში, ამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. იმ ნაწილში, სადაც ავთენტურობა იქნება დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე ამას ვუშვებ - შეიძლება, დანაშაული იყოს დადგენილი.
ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.
რაღაც ნაწილში, გარკვეული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვიღაცებს შესაძლოა ლეგიტიმურადაც უსმენდნენ. ასეთებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ იქ, ზოგიერთები. ბევრს არ ვამბობ.
მეორე საკითხია, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს მეორე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ უწყებებში ინფორმაცია როგორ მოძრაობს, კაციშვილმა არ იცის.
მესამე, უმძიმესი საკითხი - იმის ნაცვლად, რომ ეს ორი საკითხი დაადგინო - ავთენტურობა და იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი, საერთოდ როგორ გაჟონა ამ უწყებიდან, დღეს რას ვხედავთ - მმართველი ძალა ამ არა მარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ვიღაცისთვის დამიზნებას". -თქვა ექსპერმიერმა ფორმულას ეთერში.
***
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.