logo
ENG



კალაძე ბანერებზე ჟურნალისტებს: არ მოგწონთ? ისევე არ მომწონს თქვენივე პარტიის კამპანია

18 სექ 202112:04
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქში გაკრული სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერები არც მისი პარტიის და არც მერიის პასუხისმგებლობა არაა.

ჟურნალისტებთან საუბარში, ფორმულას კითხვაზე, იმუშავებს თუ არა წინასაარჩევნოდ ამ ტიპის ბანერები, კალაძემ კითხვითვე უპასუხა მედიას, მათ მასწონთ თუ არა ის, რაც გამოკრულია? უარყოფითი პასუხის შემდეგ პასუხი ასე გააგრძელა:

"ისევე არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები რაცაა: შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. მაშინ რატომ არ იღებთ ენას? რატო არ საუბრობთ ამაზე?

ქართული ოცნება და კახა კალაძე მოწოდების სიმაღლეზეა, ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას ან ოპონენტის წინააღმდეგ ან სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს. ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს? ეს არის რეალობა და ორმაგი სტანდარტი". 

კალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების და შესაბამისად, "სისხლიან" ბანერებზე რეაგირება არ ექნებათ.

"რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია "ალმა", რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს", - თქვა მან. 

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 


close დახურვა