logo
ENG



დარღვევები, ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები - ISFED წინასაარჩევნო მონიტორინგს აქვეყნებს

23 სექ 202112:51
3 წუთის საკითხავი
clock 1027

ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დაპირისპირებებისა და ზეწოლის ფაქტები დაითვალა. მონიტორინგი მოიცავს 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, სამართლიანმა არჩევნებმა 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2;
  • სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 4;
  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 20;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3;
  • ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვის - 5;
  • მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 1;
  • არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 12;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი.

ISFED-ის დათვლით, ქვეყნის მასშტაბით,  შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია 13 სექტემბერს გასაჯაროვებულმა ფაილებმა საპატრიარქოს შესახებ. 

ISFED საგანგაშოდ მიიჩნევს TV პირველის გადაცემაში 11 სექტემბერს გასულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები.

"საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში,  იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად", - წერია მონიტორინგის ანგარიშში.

ISFED ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ე.წ. სისხლიან ბანერებზეც, რომელიც 17 სექტემბერს ღამის საათებში გააკრეს.

სამართლიანმა არჩევნებისთვის, ასევე საყურადღებო იყო საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი:

"რიგ უბნებზე ყველა უფლებამოსილმა პარტიამ კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ვერ აითვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა კონკურსები გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საარჩევნო უბნების შემადგენლობაში დარღვეულია პროპორცია პროფესიულად არჩეულ და პარტიულად დანიშნულ წევრებს შორის; პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები აღემატებიან პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა, მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ.

რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი არ იყვნენ ნომინირებულები პოლიტიკური პარტიის მიერ.

ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა, რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია".

ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების მხრივ ანგარიშში მაგალიუთად მოყვანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მმართველი პარტიის "ირიბი აგიტაცია".

"მთავარ სიახლეებში გამოტანილ ინფორმაციაში ნათქვამი იყო,  რომ იუსტიციის მინისტრი ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი ქართული ოცნების საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომერი".

ანგარიშის თანახმად, დაფიქსირდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა.

"7 სექტემბერს TV პირველის ოპერატორს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას. გავრცელებული კადრებიდან ჩანს ავტომანქანის ნომრებიც.

15 სექტემბერს, მთავარი არხის ოპერატორისა და მისი თანმხლები ჟურნალისტის ინფორმაციით, ქართული ოცნების ქარელის ოფისში სიუჟეტის გადაღებისას მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რომელმაც დაზიანებები მიიღო".


close დახურვა