logo
ENG



ინსპექტორმა ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავებისთვის შსს და კლინიკა დააჯარიმა

24 სექ 202110:00
3 წუთის საკითხავი
clock 4544

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. 

სახელმწიფო ინსპექტორმა შსს-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას, კერძოდ, დაჯარიმდა 500 ლარით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის.

ინსპექტორის განცხადებით, ვინაიდან 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერცერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა მთავარ კითხვას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის [მე-4 მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის] დარღვევად. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ინსპექტორი აცხადებს, რომ კლინიკის აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს შსს-მ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი არ შეადგინა. 

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა შსს-სა და სამედიცინო დაწესებულების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე.

ინსპექტორი განცხადებაში საუბრობს ლაშქარავას საქმეზე გასაჯაროვებულ სხვა ვიდეოჩანაწერებზეც, რომ სამინისტრომ ისინი სხვადასხვა პირისაგან მოიპოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით დადგენილი წესით (დათვალიერების გზით), ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე: 

"ვიდეოჩანაწერების დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, ვერ/არ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტის მტკიცებულების სახით დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების საკითხი". 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემები შსს-ს საინფორმაციო ბაზაში - info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია.

ინსპექტორის ინფორმაციით, ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ შსს-ს თანამშრომლებს, კერძოდ, სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს:

"შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე".

12 ივლისს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით. აქედან გამომდინარე, ინსპექტორი აცხადებს, რომ თავად მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.

TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის დღეს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.


close დახურვა