ცესკო ამბობს, რომ სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და არა პოლიტიკური პარტია.
სპიკერმა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ბანერებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში 18-21 სექტემბერს 3 საჩივარი შემოვიდა.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიკვლია და დაადგინა, რომ ბანერის დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს ალმას შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება.
სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბანერების განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.
ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ასევე არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემომწირველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს". - აცხადებს ცესკო.
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.
ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.
სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.