logo
ENG



პოლიციამ კაბალში, ბიზნესმენის ეზოში ხელყუმბარის სროლისთვის 2 ადამიანი დააკავა

09 ოქტ 202114:12
3 წუთის საკითხავი
clock 2824

პოლიციამ ლაგოდეხის სოფელ კაბალში ბიზნესმენის ეზოში ხელყუმბარის სროლის და აფეთქების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. 

ადგილობრივი ბიზნესმენის, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში 2 ხელყუმბარა 4 ოქტომბერს, გამთენიისას ისროლეს. 

ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე აფეთქდა, მეორე პოლიციელებმა ააფეთქეს. დაზიანდა მანქანა, საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯარა და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ნაწილი. არავინ დაშავებულა. 

უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი. 

იმზარ მამედოვი მედიასთან ამ დრომდე არ ლაპარაკობს.

მამედოვების ნათესავები კი მომხდარს ბიზნეს წილების გამო დაწყებულ უთანხმოებას უკავშირებს. მათი ვარაუდით, თავდასხმის უკან შესაძლოა ემზარ მამედოვის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, სოფელ კაბალის ყოფილი გამგებელი, ჯემალ ნიაზოვი და მისი ოჯახი იდგნენ. 

ჯემალ ნიაზოვი ჯერ ნაციონალური მოძრაობის, შემდეგ კი ქართული ოცნების მმართველობის დროს კაბალის გამგებელი იყო. ამჟამად ნიაზოვი საჯარო სამსახურში არ მუშაობს. მას საკუთარი ბიზნესი აქვს. ქართული ოცნების მმართველობის დროს ერთი მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო ნიაზოვის შვილი, ამილ ნიაზოვიც.  

ჯემალ ნიაზოვი მომხდართან რაიმე სახით კავშირს უარყოფს და სამართალდამცავებს ურჩევს, სავარაუდო დამკვეთი სხვაგან მოძებნოს. 

საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს: 236-ე (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).


close დახურვა