საქართველოში ისრაელის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს", - წერია საელჩოს განცხადებაში, რომელიც Facebook-გვერდზე გავრცელდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტრაგედიას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.