პროკურორი აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევამდე მუშებმა რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს, რომ კედლები მოძრაობდა, გამაგრება სცადეს, შემდეგ კი ადგილი დატოვეს.
"8 ოქტომბერს, როდესაც დილის საათებში ბრალდებულები მივიდნენ აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი.
ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით", - ამბობს პროკურორი.
საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 - ბავშვი.
გადარჩა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.