შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა. მიტროპოლიტის განცხადებას facebook-ზე შემოქმედის ეპარქია აქვეყნებს.
როგორც მიტროპოლიტი იოსები აღნიშნავს, ხელისუფლებამ მოსახლეობის იმ ნაწილის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
"ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს, ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს, ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას, ასევე განისჯებით, რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა. არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას, იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.
მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40% და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მართალია, უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50% მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს, პირიქით ღმერთისგან სასჯელს მივიღებთ.
უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი - აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.
და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ არ ისჯებიან? რატომ არ იქნა ეს გამოძიებული? რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევრი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას? თუმცა, მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოდ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ", - წერს მიტროპოლიტი.
მანამდე პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მოაწერეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს.