
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ევროპარლამენტს პატივს სცემს, თუმცა ვერ მოიწონებს მათ გადაწყვეტილებას - სახაროვის პრემია მიენიჭებინათ ალექსეი ნავალნისთვის.
"რუსეთი პატივს სცემს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერავინ გვაიძულებს პატივისცემა გამოვხატოთ მათი ისეთი გადაწყვეტილებისადმი, როგორიცაა ალექსეი ნავალნის დაჯილდოვება სახაროვის სახელობის პრემიით" - თქვა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
პესკოვი ამბობს, რომ ევროპარლამენტის სიტყვები - ნავალნის ჯილდო გამბედაობისთვის და რუსეთში არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მიენიჭა, არის სიტყვების მნიშვნელობის გაუფასურება.
ასევე, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში თვლიან, რომ ევროპარლამენტარები, ვინც ნავალნის დაჯილდოვებაზე გადაწყვეტილება მიიღეს, საკითხის შესახებ საკმარისად ინფორმირებული არ არიან.
რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია გუშინ, 20 ოქტომბერს მიენიჭა. ოპოზიციონერის კანდიდატურა ევროპის სახალხო პარტიამ და ევროპის განახლების ფრაქციამ წარადგინეს.
ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.