logo
ENG



სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

21 ოქტ 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock 1860

სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა რევაზ ლაზიშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, პროტესტი სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ წამოწყებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. 

როგორც ლაზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებული პოლიციელები არიან ღირსეული ადამიანები და მას არ შეუძლია, კაბინეტიდან მათ უკანონო დაკავებებს უყუროს. 

"ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. 

არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ისინი არიან გმირი პოლიციელები და არ მაქვს უფლება, რომ ამას კაბინეტიდან ვუყურო. ესენი არიან ღირსეული პოლიციელები. რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, როგორც ვიცი მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი", - განაცხადა ლაზიშვილმა

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

 
 
 

 


close დახურვა