logo
ENG



GDI: გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია

22 ოქტ 202114:52
3 წუთის საკითხავი
clock 1156
GDI: გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

სასამართლოში გიორგი თაბაგარის ინტერესების დამცველი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პოლიციის კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა. 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვის შედეგად, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

GDI-ს თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ქმნის მომავალში აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საშიშ პრეცედენტს. მათივე თქმით, დაზარალებულთა სანქცირებით კი სახელმწიფო ახალისებს ძალადობას.

აღნიშული საქმე ეხება 2021 წლის 5 ივნისს გიორგი თაბაგარსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის გამართულ სატელეფონო დიალოგს. როგორც თაბაგარი ყვება, ძალადობრივი კონტრაქციის დროს უსაფრთხო ადგილისკენ მიდიოდნენ, როცა პოლიციელმა დაურეკა და ოფისის გაღება სთხოვა, რომ ზარალი აღეწერათ:

"იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო". 

შსს გიორგი თაბაგარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფას გულისხმობს. ბრალდების მხარე 15-დღიანი პატიმრობის დაკისრებას მოითხოვდა.

GDI-ს განცხადებით, 5 ივლისს თაბაგარი ძალადობრივი დევნის მსხვერპლი იყო და მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე ამ დღეს არაერთხელ დადგა. პოლიციამ კი ის და მისი თანხმლები პირები არ დაიცვა. ამ პირობებში, ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებლის მხრიდან, 5 ივლისს ძალადობის ერთ-ერთ ეპიცენტრში - თბილისი პრაიდის ოფისში მისვლა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. 

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თაბაგარის მიერ გამოხატული კრიტიკის ფორმა, თუნდაც სალანძღავი სიტყვების გამოყენებით, კონტექსტის გათვალისწინებით ბუნებრივი რეაქცია იყო და სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

GDI განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შინაარსის რეგულირება მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფის შემთხვევაშია დასაშვები. ვინაიდან, დიალოგი სატელეფონო კომუნიკაციისას შედგა, სატელეფონო საუბრის დროს წარმოთქმული სიტყვების გამო, შინაარსის მიუხედავად, ადამიანისთვის ​პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია.


close დახურვა