logo
ENG



ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს

23 ოქტ 202112:57
3 წუთის საკითხავი
clock 935

საქართველოს პრემიერმინისტრი საპატიმროში მოშიმშილე ექსპრეზიდენტზე ამბობს, რომ მას ჭამას არავინ უშლის. 

"ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს, ერთი მინდა, ვუთხრა ყველას, პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებულ. მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მომავლის წინაშე, როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება. სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში". - თქვა მან დღეს, 23 ოქტომბერს ცაგერში. 

მანამდე ღარიბაშვილმა სააკაშვილის პატიმრობაზე თქვა, რომ თუ ის "ჭკვიანად არ იქნება, კიდევ დაუმატებენ მუხლებს". მოგვიანებით განმარტა, რომ მისი ეს განცხადება "ნახევრად ირონიული იყო". 

ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ნათქვამი აქვს, რომ "სააკაშვილი ან უნდა დაეჭირათ, ან წასულიყო პოლიტიკიდან". 

"სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში". - თქვა მან ტელეკომპანია იმედის ეთერში 3 ოქტომბერს. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლისამართლებრივად დევნის, საქართველოში 1-ლი ოქტომბრის საღამოს დააკავეს. იმავე დღეს, დილით, სააკაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ბათუმშია.

დაკავებიდან 20 დღის შემდეგ პროკურატურამ ექსპრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის მარშრუტი გამოაქვეყნა. 

უწყების განცხადებით, სააკაშვილი უკრაინიდან გემით 28 ოქტომბერს წამოვიდა და საქართველოში, ფოთში 29 ოქტომბერს გადმოკვეთა. ფოთიდან კი ელგუჯა ცომაიას კუთვნილი, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით იმგზავრა. მას შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო ბათუმში, აბაშაში, აბაშიდან კი თბილისში წამოვიდა, სადაც დააკავეს კიდეც 1-ლი ოქტომბრის საღამოს. 

დაკავებისთანავე ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და უკვე 23 დღეა, შიმშილობს. 

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე. 

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის. 


close დახურვა