შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთმა თანამშრომელმა ომარ არქანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ფორმულას ყოფილი ძალოვანები და ოპოზიციის წევრები უდასტურებენ.
პატრულის გადამდგარმა ინსპექტორმა სოლიდარობა ხობში დაკავებულ ყოფილ ძალოვანს ლექსო რაფავას გამოუცხადა.
სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა რევაზ ლაზიშვილმა და ჭაბუკა რაფავამ.
სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.