logo
ENG



წალენჯიხის საკრებულოს წევრმა გახარიას პარტია დატოვა

24 ოქტ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock 1973

გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი ნანა ლემონჯავა გუნდს ტოვებს და როგორც ის ამბობს, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

ის Facebook-ზე წერს, რომ საქართველოსთვის წალენჯიხის შტაბმა "პარტიისთვის და მისთვის მიუღებელი გზა" აირჩია. მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია წითელი ხაზია.

"ამ პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დაგვესრულებინა ეს პორალიზებული პოლიტიკური გარემო და დაგვესრულებინა ის წარსული, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. გიორგი გახარიას პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანია გაერთიანებული, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც გულანთებულად უყვართ თავიანთი სოფელი, ქალაქი და სამშობლო, მაგრამ არსებობს თემები და წითელი ხაზები, რომლებიც ყველას ერთად გვაერთიანებს.

ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი, როგორც ყოფილი პრემიერი სწორად შენიშნავს ხოლმე, არის ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა. პრემიერის ამ პოზიციას ვიზიარებ და ვუერთგულებ ბოლომდე, თუმცა ვხედავ, რომ პარტია საქართველოსთვის წალენჯიხის შტაბი ღალატობს იდეას, პარტიას და პარტიის ლიდერს. მათ აშკარად აირჩიეს პარტიისთვის და ჩემთვის მიუღებელი გზა. მაქვს ყველა ნიშანი თუ ინდიკატორი, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იქ და იმ ხალხთან, სადაც საჭირო იყო. დღეს კი მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

მე ვიღებ ხალხისგან მონიჭებულ მანდატს, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვიმუშაო ჩემი ქალაქისა და ხალხისთვის, მაგრამ მე ვტოვებ პარტიას საქართველოსთვის სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ადგილობრივ დონეზე ვერ ვხედავ საბოლოო მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს. და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში", - წერს ლემონჯავა.

4 ოქტომბერს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. მისივე განცხადებით, "საკრებულოს კონკრეტულ წევრებთან იმუშავებენ". 15 ოქტომბერს კი ამავე პარტიის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება გახარიას პოზიციას, ის ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში შესვლას არ აპირებს და პარტიას საკრებულოს დაკომპლექტებისთვის ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს.


close დახურვა