logo
ENG



ენმ: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

25 ოქტ 202123:15
3 წუთის საკითხავი
clock 1057
ენმ: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
კადრი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და სთხოვს, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. 

"უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი შიმშილობს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთში შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა.

2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, კომისიამ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმების შემადგენლობით დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალი კლასის კლინიკაში, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე, უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას.

იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო.

საქართველოს ხელისუფლების სახელით დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები", - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია, რასაც "უმძიმესი შედეგები მოჰყვება".

პარტია ხელისუფლებისგან მოითხოვს, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირადი უსაფრთხოება.

"აქვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელს არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.

საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს.

აქვე მივმართავთ ქართულ საზოგადოებას - ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიების, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.

მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება ხელისუფლების მიერ მისი მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ ასევე ისტორიულ ჭრილში.

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი", - ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. გარდა ამისა,  ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა