logo
ENG



მედიაკოალიცია: მედიას არჩევნების მეორე ტურის გაშუქება აგრესიულ გარემოში უწევდა

31 ოქტ 202120:27
3 წუთის საკითხავი
clock 1091
2021/10/31/jrvv8dw8omnmnww.jpg

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეფასებით,  2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქება ჟურნალისტებს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში უწევდათ. სამართალდამცველები კი ვერ უზრუნველყოფდნენ მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო დღის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირები საჯარო გამოსვლებისას, ტრადიციულად, გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას და უხეშად ესაუბრებოდნენ ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლების ჟურნალისტებს. მაგალითად, საქართველოს Პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტს “პროვოკატორი” უწოდა, ხოლო პარლამენტის წევრმა, დაჩი ბერაიამ, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი „ნაციონალური მოძრაობის ზონდერად” მოიხსენია.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ამგვარი აგრესია გავლენას ახდენდა ქართული ოცნების მხარდამჭერთა ქცევაზეც.

"კენჭისყრის დღეს მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში თავდასხმის ობიექტები გახდნენ.  “ქართული ოცნების” კოორდინატორები საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.  ისინი ჟურნალისტებს “აქტივისტებს”, “ზონდერებს”, “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ", - წერია შეფასებაში

კოალიციამ არჩევნების დღეს ჟურნალისტთა შეურაცხყოფის და მათი შევიწროების ფაქტები, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე გარე პერიმეტრზე გამოავლინა. Ზოგიერთი ინციდენტისას ე.წ. კოორდინატორები ცდილობდნენ დაეფარათ ვინაობა და ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლის ფაქტები.

ჯამში კოალიციამ მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის 20 ფაქტი გამოავლინა. მათგან 18-ს ადგილი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა, 2 კი საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. 


close დახურვა