logo
ENG



ლიზა იასკო სააკაშვილზე: ახლა გაცილებით უარესად გამოიყურება, ვიდრე აქამდე

01 ნოე 202115:02
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა. 

შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იასკომ აღნიშნა, სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სჭირდება. 

"ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, როგორ მძიმდება ყოველდღიურად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ვისურვებდი ხელისუფლების მხარდაჭერას. არასწორია იმის ლოდინი, როდის გახდება ადამიანი ძალიან ცუდად. სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია. ვხედავთ, რომ არჩევნები მოიპარეს, ეს უსამართლობაა, თუმცა თუ არ გავაგრძელებთ ბრძოლას, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეც და მომავალიც საფრთხის ქვეშ იქნება. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ის უძლებს, მაგრამ ვხედავ, რომ ახლა გაცილებით უარესად გამოიყურება ვიდრე აქამდე", - ამბობს ლიზა იასკო

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა