logo
ENG



მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს

04 ნოე 202115:52
3 წუთის საკითხავი
 
მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს

პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს და პატრიარქს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. 

ბოტკოველის თქმით, ილია II-მ და პრეზიდენტმა შეხვედრაზე კოვიდპანდემია განიხილეს.

"არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი. საუბარი შეეხებოდა კოვიდპანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა', - ამბობს მიქაელ ბოტკოველი. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლის თუ არა საპატრიარქო საჭიროდ, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს, დეკანოზმა თქვა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ამას ვერ თხოვს

"საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს", - აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა. 

გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია და არ შეიწყალებს. 

"რა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობს სპექტრის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული", - ამბობს ზურაბიშვილი.

​ბრიფინგამდე ის შეხვდა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, ევროკავშირის ელჩს, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს და საქართველოს პატრიარქს. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა