logo
ENG



პენიტენციური სააკაშვილის "კვების" ვიდეოს ავრცელებს, ომბუდსმენი უწყვეტ შიმშილობას ადასტურებს

06 ნოე 202119:08
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კვებაზე შთაბეჭდილების შესაქმნელად ფოტო/ვიდეო მასალას აქვეყნებს.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს. 

პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

ომბუდსმენის განცხადებით, საკვებ დანამატებს სააკაშვილს ციხის სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველის რწმუნებულები დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის ციხეში გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია მის შიმშილობაზე. 

"პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილ სამედიცინო ფორმებში არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში", - წერს ომბუდსმენი.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე.

ამის მიზეზია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას:

"ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი – მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა".

ასევე, სახალხო დამცველი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს.

 


close დახურვა