logo
ENG



ბრეგაძე: სააკაშვილმა თანამშრომლებს სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რეაგირება იქნება

08 ნოე 202121:22
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზე ბრეგაძემ იმედის ეთერში ისაუბრა. 

ის ამბობს, რომ შემთხვევის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო და მომხდარზე "შესაბამისი რეაგირება" ექნებათ.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული ამ ახალ დაწესებულებაში, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ეს არიან ის თანამშრომლები, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებზე შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს", - ამბობს ბრეგაძე. 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა