ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას თქმით, ხვალ, 15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციებით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
მელია მოქალაქეებს დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიშს უხდის და აქციაში მონაწილების მიღებისკენ მოუწოდებს.
"მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!
სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა!
გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა!
პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!" - წერს მელია.
სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა.