საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციითვე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უარყოფითი არ ყოფილა, არამედ ზრდა 2.9% დან - 7.4% მდე მერყეობდა.
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მხრივ, უარყოფითი მაჩვენებელი 2020 წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. მკვეთრი ცვლილება - 6.8% -იანი კლება, დატანილია საქსტატის შემოთავაზებულ გრაფიკზეც:
საქსტატის თანახმად, რეალური მშპ-ის კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა:
სასტუმროებმა და რესტორნებმა - 44.9 %
ტრანსპორტმა და დასაწყობებამ - 23.0 %
დამამუშავებელმა მრეწველობამ - 7.1%
საყურადღებოა რომ, საქსტატის წინასწარი შეფასებით ეკონომიკის შემცირება 6.2%-იანი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით, ეკონომიკა მოსალოდნელზე 0.6%-ით მეტით - 6.8%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, საქტატის თანახმად, 2020 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის ფასების ცვლილების საზომია.
მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის შეფასების მნიშნველოვანი ინდიკატორია.
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციის და მომსახურეობის საერთო ღირებულებაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს. მთლიანი შიდა პროდუქტი კი უკუპროპორციულ კავშირშია სიღარიბესთან, მშპ-ის შემცირება სიღარიბის მატებას იწვევს, მშპ-ის ზრდა კი სიღარიბის შემცირებას.