logo
ENG



პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა, ამიტომ კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულია

17 ნოე 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი, ამიტომ ვერ გადავა სამოქალაქო კლინიკაში. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოებას "არ გააჩნია რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა". 

"თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო სივრცეში, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რომელთა დაზღვევაც ურთულესია. 

ამასთან, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას თუ მისი შეწყვეტის შემდეგ". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, "ჭორების, ურთიერთგამომრიცხავი ცნობების და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მიიღოს "ყოველდღიური, ამომწურავი, სანდო და დეტალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ". 

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ექსპრეზიდენტის გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გავრცელებაზე და მას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა, ვინაიდან ეს ლახავს ექსპრეზიდენტის პატივს და ღირსებას. 

"დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის". - თქვა მან.

***

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 

რამდენიმე დღეა, ციხის საავადმყოფოში შესვლას ვერ ახერხებს სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. პაციენტის გასასინჯად არ ყოფილა არც მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. 

16 ნოემბერს სახალხო დამცველმა ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელმაც სააკაშვილი ციხეში უკვე მოინახულა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა სააკაშვილისნაირი პაციენტის იქ მკურნალობა მიზანშეწონილი არაა. 


close დახურვა