logo
ENG



"არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს" - ბათუმის მერიის თანამშრომელმა სამსახური დატოვა

19 ნოე 202111:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/19/x4y3c9x6kh3tdkz.jpg

ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, როსტომ ძნელაძემ სამსახური დატოვა. ძნელაძე წასვლის მოტივად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას ასახელებს.

"ცნობისთვის, ჩემი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი იყო, 40-ჯერ მეტი ვიდრე ერთი ნაყიდი საარჩევნო ხმა (არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მიერ), და თუ წლიურ ჭრილში გადავიყვანთ 480-ჯერ მეტი. ასე რომ დაფიქრდით, ფულს ყოველთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

წასვლის მოტივი? არ შეიძლება ის როგორც ექცევიან პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა რუსული ჩეჩმიდან და მისცა განვითარების რეალური შესაძლებლობა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა!!! სხვა სისტემურ პრობლემებზე საუბარი არც ღირს, როცა საქმე უპირველესად ეხება ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას", - წერს ის ფეისბუქზე.

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა