logo
ENG



კობახიძე: ჩვენი ღირებულებებია, პირველ რიგში, ადამიანი, სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

19 ნოე 202115:30
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ხელისუფლების ღირებულებები "ადამიანი და ჯანმრთელობაა" და სწორედ ამიტომ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში. 

"გორის ჰოსპიტალი, ისევე როგორც გლდანის საავადმყოფო სათანადოდ არის აღჭურვილი. აქ არავითარი საფუძველი იმისა, რომ ვინმემ უარი თქვას გორის ჰოსპიტალში მკურნალობაზე, არაა. მეორე, რაც შეეხება უსაფრტხოებას, ჩვენ გვქონდა და გვარს სერიოზული კითხვები, გორის ჰოსპიტალი არის სწორედ ის საავადმყოფო, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტითაა დაცული უსაფრთხოება. ჩვენთვის მთავარია ის ღირებულებები რაც გვამოძრავებს, ესაა ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

ნახეთ რომ გართულდა მდგომარეობა ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, რომელიც 2 კვირაზე მეტია უკვე, შიმშილობს, აქედან გამომდინარე, უნდა მიგვეღო რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება დაყოვნების გარეშე", - თქვა ირაკლი კობახიძემ ფორმულასთან ინტერვიუს დროს. 

ყოფილი პრეზიდენტი 50-ე დღეა, შიმშილობს, მდგომარეობა დამძიმდა და მის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდა ომბუდსმენი, 3 სხვადასხვა ექიმთა კონსილიუმი, დამოუკდიებელი ექსპერტები, დეპუტატები. განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომ ხელისუფლებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაიზიაროს. 

ამის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შემდეგ გადაიყვანენ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. 

"ვთავაზობთ რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის მისი ადგილი, სადაც მისი უსაფრთხობა და ჯანმრთელობა, სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ არა მხოლდო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შიმშილობენ", - თქვა ბრეგაძემ და აღნიშნა ისიც, რომ ახლა ელოდებიან პატიმრის თანხმობას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.


close დახურვა