დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა შეიცვალოს.
"ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში 5 000 შემთხვევა რეინფიცირების. კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას იმის, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება", - ამბობს იმნაძე.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას.
აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემაზე გადაწყვტილება შეიძლება გადაიხედოს.