logo
ENG



ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

25 ნოე 202116:01
3 წუთის საკითხავი
 
ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, უკვე გამოკითხეს ოჯახის წევრები. რაც შეეხება ჩანაწერის გავრცელებას, მათი თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ გუშინ, 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.


close დახურვა