logo
ENG



ყიფშიძე სააკაშვილზე: კატასტროფა იქნება, თუკი შეწყვეტს მკურნალობას

25 ნოე 202122:08
3 წუთის საკითხავი
clock 831
ყიფშიძე სააკაშვილზე: კატასტროფა იქნება, თუკი შეწყვეტს მკურნალობას

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, "ეს იქნება კატასტროფა", თუკი იგი შეწყვეტს მიმდინარე მკურნალობას. გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ თუკი დეპუტატებს არ შეუშვებენ, სააკაშვილს მკურნალობის შეწყვეტა აქვს გადაწყვეტილი.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის", - ამბობს ყიფშიძე.

ბოლო რამდენიმე დღეა პარლამენტის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვერ ახერხებენ. ადვოკატი, ბექა ბასიალაია აცხადებს, რომ დეპუტატებს სრული უფლება აქვთ, პატიმართან შევიდნენ.

"ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს", - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის. 

 

 


close დახურვა