logo
ENG



შატალოვას დედა გამოძიებას არ ენდობა და მკვლელობის დამკვეთის დადგენას ითხოვს

30 ნოე 202117:42
3 წუთის საკითხავი
clock 954

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას დედა გამოძიებას არ ენდობა. ის მკვლელობის დამკვეთის დადგენას და ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტების შესწავლას ითხოვს.

როგორც შატალოვას დედა ყვება, ბათუმის ყოფილი ვიცე მერი ზურაბ ბერიძე მის შვილს ემუქრებოდა. 

"ანასტასია სულ მეუბნებოდა, რომ უთვალთვალებდნენ და ამბობდა, რომ ეს ზურაბ იყო. მას მტრები არ ჰყავდა, მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ვიყავი მასთან, ამბობდა, რომ ზურაბი იყო მისი პრობლემა. ყველაფერი მასზე მიუთითებს. ფაქტია, რომ მკვლელობის შემდეგ ზურაბმა მიიღო ის, რაც სურდა. ბავშვი ახლა მასთანაა. ის დიდ ძალისხმევა და ფულს ხარჯავდა ბავშვის წასაყვანად. ანასტასია სულ ამბობდა, რომ ზურაბი ემუქრებოდა და მიმოწერაც არსებობს, სადაც წერს, რომ მეშინია ზურაბი მომკლავს ან ქილერს დაიქირავებსო", - ამბობს შატალოვას დედა. 

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა. 

თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა