logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: საიდან გველაპარაკება სააკაშვილი?

01 დეკ 202121:02
3 წუთის საკითხავი
clock 1224

ბევრს გახსოვთ ალბათ, მიხეილ სააკაშვილმა, თავისი პირველი საპრეზიდენტო ინაუგურაციისას, არაფორმალური ფიცი გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო. 

ორივე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისა და დევნილობიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მის პირველ გამოსვლას მრავალგვარი მოლოდინი ჰქონდა. არც არის გასაკვირი: მიშა ყოველთვის წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო - ბევრი მომხრით, ბევრი მოწნააღმდეგით. შეფასებების ამპლიტუდაც ასეთივეა: დაწყებული "ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლის... მსოფლიო მასშტაბის შეუდარებელი ლიდერიდან" - "სისხლისმსმელ დიქტატორამდე", რომლისგანაც "გალობანი სინანულისანის" მსგავსი მონანიებისა და ვედრების ახალი ვერსიაც კი საკმარისი და დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა.

მაგრამ III პრეზიდენტმა თქვა ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე ჰქონდა დაგეგმილი. ეს აშკარად არ იყო სპონტანურად, 50 დღიანი შიმშილობისა და ცინიკური, შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფონზე აღმოცენებული ბრაზი ან სასოწარკვეთა.

ტექნიკური კუთხით, მისი გამოსვლა იყო ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტის ფონზე კონსტრუირებული ქართველი პოლიტიკოსის ხედვა ისტორიული პროცესისა, შევარდნაძის ეპოქიდან დღევანდელ წერტილამდე, რომლის მონაწილეც და დიდწილად შემოქმედიც თავად სააკაშვილი გახლდათ. მანვე, უშუალოდ სასამართლო პროცესის და განსახილველი საქმეების დეტალებზე მსჯელობის პრეროგატივა ადვოკატებს გადაულოცა.

რაც თქვა, იმის ანალიზს ახლა არ ვაპირებ, არა იმიტომ, რომ ყველაფერი მომეწონა ან პირიქით, საერთოდ  ვიწუნებ.

სასამართლო პროცესი, ისევე როგორც სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები, მართლაც ისტორიული ხასიათისაა, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როცა ქვეყნის პირველი პირი გისოსებს მიღმაა.

ჩემი აზრით მთავარი, რაც შეფასებამდე უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ თავად სააკაშვილი ჯერ არაა ისტორიის ნაწილი. ის მოქმედი პოლიტიკოსია და მიმდინარე პოლიტიკური ამოცანები გააჩნია.

ამდენად, რაც თქვა ვარდების რევოლუციის ლიდერმა ორშაბათს და რასაც იტყვის ხვალ თუ შემდეგ პროცესებზე, მხოლოდ არსებული პოლიტიკური მოცემულობის დინამიკაში უნდა განვიხილოთ და სრული გულუბრყვილობა იქნება მისგან „გალობანი სინანულისანის“ შინაარსის ან მასშტაბის თუნდაც გაურითმავი ქმნილების მოლოდინი.

გელათი და აღმაშენებლის საფლავზე პრეზიდენტის მიერ დადებული ფიცი შემთხვევით არ გავიხსენე, დავით მეოთხემ, დიდი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეებისთვის იშვიათად დამახასიათებელი აღსარებისა და მონანიების ისტორიული ძეგლი მაშინ შექმნა, როცა ყველა პოლიტიკური ამოცანა შესრულებულად ჩათვალა და როგორც ადამიანი და ქრისტიანი, გავლილი ცხოვრების შეჯამების და შეფასების მიჯნაზე აღმოჩნდა. 

სააკაშვილს კი, მიუხედავად მიღწეულით ზოგჯერ დამსახურებული და ზოგჯერ გაზვიადებული სიამაყისა, თავი უკვე წარსულის და ისტორიის კუთვნილებად არ მიაჩნია. არც საკუთარ მისიას თვლის ამოწურულად. იგი სწორედ ამ ცოცხალი, ახლა ქმნადი ისტორიის წერტილიდან გველაპარაკება. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია - ამბიციის გამო, თუ იმ მწარე სინამდვილის გათვალისწინებით, რაშიც აღმოვჩნდით და რაც საკმაოდ შორსაა იმ დანაპირებისგან, რომელიც სააკაშვილმა 2004 წლის 25 იანვარს აღმაშენებლის საფლავზე გასცა ზუსტად იმ სამონასტრო კომპლექსში, რომლის მოვლა-პატრონობასაც ვერაფრით ახერხებს სახელმწიფო, რომელიც დღეს გისოსებს მიღმა მყოფმა პრეზიდენტმა, ბევრი ეპოქალური მასშტაბის მიღწევის მიუხედავად, მემკვიდრეობის სახით თავად დატოვა!


close დახურვა