logo
ENG



"ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს" - ევროკავშირი მოსამართლეების დანიშვნაზე

02 დეკ 202116:14
3 წუთის საკითხავი
clock 919

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უშიშროების პოლიტიკის წარმომადგენლობის სპიკერი, პოტერ სტანო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, ამგვარი დანიშვნები მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით", - აცხადებს სტანო.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით.

1-ლ დეკემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებია სახალხო დამცველის აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც

მოსმართლეების მოსმენის პროცესში განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. 

 


close დახურვა