logo
ENG



WHO-ს მეცნიერის თქმით, ომიკრონის შტამის გამო პანიკა საჭირო არაა

04 დეკ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო პანიკა საჭირო არაა. პარასკევს პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჯანმოს წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატამ განაცხადა, რომ ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო.

ბოლო ინფორმაციით, ომიკრონის შტამი 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ დრომდე უცნობია, ახალი შტამი უფრო გადამდებია თუ არა და შეუძლია თუ არა ვაქცინას თავი აარიდოს.

პირველად შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ომიკრონმა შეიძლება თავი აარიდოს ზოგიერთ იმუნიტეტს, თუმცა ანალიზი საბოლოო არაა.

Reuters NEXT-ის კონფერენციაზე ექიმმა სვამინატამ თქვა, რომ სამხრეთ აფრიკის მონაცემებზე დაყრდნობით ამ ვარიანტს "მაღალი გადამდებობა" ახასიათებს და დაამატა, რომ შესაძლოა მსოფლიოს დომინანტი შტამი გახდეს - თუმცა ამის წინასწარმეტყველება რთულია. მისივე განმარტებით, მსოფლიოში შემთხვევების 99% ახლა დელტა შტამზე მოდის.

"რამდენად უნდა ვინერვიულოთ? ჩვენ მზად და ფრთხილად უნდა ვიყოთ და არა პანიკაში, რადგან ვიმყოფებით სხვა სიტუაციაში, ვიდრე ერთი წლის წინ", - თქვა მან.

ომიკრონის შტამის გამოჩენასთან ერთად რამდენიმე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკიდან მგზავრობა უკვე აკრძალა. ამასთან, ცალკეულ ქვეყნებში ახალი შეზღუდვები შემოდის. გერმანია შეზღუდვებს უწესებს არავაქცინირებულ პირებს და შესაძლოა მომავალი წლიდან ვაქცინაცია სავალდებულოც გახდეს.

იმუნიზაცია სავალდებულო ხდება ავსტრიაშიც. ბელგიამ და ნიდერლანდებმა კი მკაცრი ზომები დააბრუნეს.


close დახურვა