logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: კრიზისი პოლიტიკური თავით სოციალური ტანის გარეშე

08 დეკ 202121:05
3 წუთის საკითხავი
clock 1218
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: კრიზისი პოლიტიკური თავით სოციალური ტანის გარეშე

ყველაფერი საშინლად ძვირდება: პურიც, ზეთიც, წამალიც, ბენზინიც,  კომუნალური გადასახადებიც და რამდენიმე საათის წინ საბანკო კრედიტების მომსახურებაც. ხალხი უკმაყოფილოა. რა ვქნათო, წესით კითხულობს პრემიერი. მისი უფროსი ალბათ ურჩევს - ხელფასები გავზარდოთო.

საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, ბაღისა თუ სკოლის დირექტორებს, სსიპებსა და ააიპებში დასაქმებულებს, ყველას, ყველას, ხელფასები, თუნდაც ცოტათი გავუზარდოთ და კმაყოფილები იქნებიანო.  კი მაგრამ საიდანო, კითხულობს პრემიერი, ფული დავბეჭდოთო - პასუხობს ის.

ახალდაბეჭდილი, ტკიცინა ასლარიანებით მომატებული პენსიითა თუ ხელფასით ცოტა ხნით ხალხი კმაყოფილდება, ხმასაც მიცემს ოცნებას რამე რომ იყოს, თუმცა ფულის ბეჭდვა ლარის უფრო მეტად გაუფასურებას და უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ცისკენ წასულ ფასებს კი გაზრდილი ხელფასი ვეღარ ეწევა. მერე ისევ ბეჭდავენ ტკიცინა კუპიურებს, ისევ ზრდიან ხელფასებს და ისევ იზრდება ფასები და ვტრიალებთ წრეზე, მანამ ლარი კუპონად, ოცნების ეტლი კი გოგრად არ იქცევა.

"რაღა დროს კუპონია?! ეგ ხომ აღარასდროს მოხდებაო", იტყვის ბევრი. და საერთოდ ეს ყველაფერი ხომ ტყუილია, მარტო "ნაციონალების" არხები აჩვენებენ, თორემ სინამდვილეში განსაკუთრებულად დრამატული არც არაფერი ხდებაო. არც პოლიცია დასდევს ვინმეს, არც სუს-ი გვითვალთვალებს, არც არავის ცემენ ან კლავენ, ერთი მიშა გადმოათრიეს მანქანიდან და გლდანის საავადმოყოფოში ძალით შეიყვანეს და მაგას გადაგვაყოლესო.

რასაკვირველია, ვერაფერს მიხვდები, სანამ მხოლოდ სამთავრობო არხებს უყურებ და სანამ შენს თვალწინ, გარემოვაჭრე მოხუც ქალბატონს მერიის თანამშრომლები უხეშად არ ააგდებენ ადგილიდან, საქონელს გაუნადგურებენ, ზედ გინებას და პანღურებსაც მიაყოლებენ და სიმწრით ნაშოვნ ლუკმას პირიდან გამოგლეჯენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაბალი ღობეა.

შეიძლება მართლაც ბევრს გონია, რომ ყველაფერი ტყუილია. თუმცა, რეალურად სწორედ ეს არის მწარე სიმართლე: ინფლაცია მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს; ფასები ასტრონომიულად იზრდება;

ემიგრანტების გამოგზავნილი ვალუტა უცხოურ ინვესტიციებს აღემატება, მიმღებს კი უხარია, რომ დოლარსა თუ ევროში მეტი გაუფასურებული ლარი მოსდის;

ქვეყანა ღატაკდება; ადამიანებმა არ იციან ოჯახები რითი არჩინონ და ხვალ შვილებს რა აჭამონ; სამაგიეროდ, ოცნების ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს და ხვალ უკეთ იცხოვრებს.

ამასობაში გარეთ რა ხდება? ქუჩაში აპროტესტებენ ყველაფერს, გაყალბებულ არჩევნებს, სუს-ის მხრიდან უკანონო თვალთვალს, სააკაშვილის პატიმრობას თუ ივანიშვილის ისტორიის წიგნებში გამოჩენას, რაც ბუნებრივია, რადგან ეს ყველაფერი მართლაც მწვავე პროტესტს იმსახურებს.

სხვებს კოვიდ პასპორტების შემოღება არ მოსწონთ;

ცემენ ჟურნალისტებს, რომლებიც მწარე სიმართლეს ეკრანებიდან აჩვენებენ; 

დასდევენ განსხვავებული აზრის, რწმენის, პოლიტიკური შეხედულების, კანის ფერის თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ვითომდა ქართველობას გვართმევენ.

საშინელებაა ნამდვილად, მაგრამ ამ ყველაფერსაც შეიძლება, რაღაც ახსნა მოუძებნო. თუმცა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის, რომ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სიღატაკეში ცხოვრობს, პირველადი მოხმარების საგნებზე, წამლებსა და სურსათზე ფასები ისე იზრდება რომ მინიმალურ საჭიროებასაც ვეღარ იკმაყოფილებ, ადამიანებს სიცოცხლის უფლებას - მათ შვილებს კი ბავშვობას ართმევენ, სოციალური პროტესტი ფაქტობრივად არ არსებობს.

და როდესაც საზოგადოება არ აპროტესტებს ყველაზე მთავარს: არსებობის წართმეულ უფლებას. და როდესაც სოციალური საკითხები უკმაყოფილების მთავარი მიზეზია, ხოლო ის პროტესტის ანატომიაში ხერხემლის კი, არა და ნეკნის როლსაც ვერ ასრულებს, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ასეთ პროტესტს ვერც ძალა ექნება და ვერც ხელისუფლებას შეარყევს და შეაკავებს, რადგან პოლიტიკური უფლებები, სამართლიანობა და პლურალიზმი გაღატაკებული ადამიანისთვის, სამწუხაროდ, ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ გინდ ილუზორული, ახლად დაბეჭდილი ფულის და აღებული ვალების ხარჯზე მომატებული ხელფასი თუ დახმარება, რაც მას პერსპექტივაში ცხოვრებას კიდევ უფრო უძვირებს და მეტადაც აღარიბებს.

მოკლედ, დღეს, უკეთეს შემთხვევაში, ერთ ადგილს ვტკეპნით. კრიზისი ღრმავდება და მოჯადოებული წრის გარღვევას ვერ ვახერხებთ. მიზეზი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ალბათ ის, რომ გვაქვს პროტესტი პოლიტიკური თავით სოციალური ტანის გარეშე.


close დახურვა