logo
ENG



ხაზარაძე: ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება, დაგვიჭირონ

09 დეკ 202117:22
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის 9 დეკემბრის სხდომა ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურას არ აინტერესებს მათი არგუმენტაცია და საბრალდებო დასკვნა წინასწარ აქვთ დაწერილი. სწორედ ეს გახდა მათი მხრიდან სხდომის დატოვების მიზეზი. მან, ასევე ჟურნალისტებს უპასუხა, რომ დაჭერის მოლოდინი აქვს. 

"დასკვნა დიდი ხნის წინაა დაწერილი. არ აინტერესებდათ არც დამაზუსტებელი და არც ის ინფორმაცია, რაც მე დეტალურად გავიარე. 

უცებ დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი დასკვნა მზადაა. პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს, რა მოხდა, წინასწარაა გამოტანილი განაჩენი. საბჭოური პროკურატურა ამ ქვეყანას მიაქანებს, კი არა ღრმად ვართ შესული დეპოში. სხდომა დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირი კავშირი ამ პროცესს არ აქვს სამართალთან. [...]

სამართალი სადაც არაა, იქ არ არის ინვესტიცია, ინვესტიცია სადაც არაა, იქ არაა სამუშაო ადგილი. ძალიან მარტივია. 

ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება, დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად ვერ ვხედავ. ბრძოლა გაგრძელდება", - თქვა ხაზარაძემ.

დღევანდელ სხდომაზე თიბისის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე ბრალდებულის სტატუსით დაიკითხა. 

"გამოვედთ დარბაზიდან მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ პროკურატურას უკვე გამზადებული ტექსტი ჰქონდა. ეს ტექსტი მათ უკარნახეს, ან ის ტესტია, რომელიც მათ დავალებით მოამზადეს.

ის, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ფაქტობრივ დოკუმენტურად დადასტურებულ გარემოებებზე, მათ ეს არც კი აინტერესებდათ. მათ უნდათ, რომ გაიმეორონ ის სისულელე, რომელსაც 3 წელია იმეორებენ უცვლელი სახით", - უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 


close დახურვა